saqarTvelos mdinareebi - liaxvi

სათავე კავკასიონის მთები
სიგრძე 115 კმ
აუზის ფართობი 2440 კმ²

 

სინონიმი: დიდი ლიახვი.

მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სათავე აქვს ყელის ვულკანურ მთიანეთში. წარმოიქმნება მდინარეების ყადლასანისწყლისა და დესკოხირდონის შეერთებით, ზღვის დონიდან 2338 მ. სიგრძე მდინარე ყადლასანისწყლის სათავიდან 115 კმ, აუზის ფართობი 2440 კმ2. ერთვის მდინარე მტკვარს მარცხნიდან ქალაქ გორთან. მთავარი შენაკადებია ერმანისწყალი, ჯომალისწყალი, გუდისიდონი, პატარა ლიახვი და მეჯუდა.

ლიახვის სათავეებში არის 12 მცირე მყინვარი, რომელთა ფართობი 5,5 კმ2-ია. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის მარტის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე. წყალმცირობა - ზაფხულ-შემოდგომაზე, რომელსაც წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები არღვევს. მდგარი წყალმცირობაა დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე. გაზაფხულსა და ზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 76%, შემოდგომაზე - 16%, ზამთარზე - 8%, საშუალო წლიური ხარჯი ჯავასთან 20,3 მ3/წმ, მდინარე პატარა ლიახვის შეერთების შემდეგ 47,3 მ3/წმ. ლიახვზე ზამთარში პერიოდულად შეინიშნება ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი. იყენებენ სარწყავად. ლიახვიდან გაყვანილია კეხვის, ტირიფონისა და სალთვისის არხები. რწყავს 62 ათას ჰა მიწას.

დიდ ლიახვზე მდებარეობს ასევე ქალაქი ცხინვალი.